იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პრეზიდენტის მიერ დანიშნულმა არამოსამართლე წევრმა კახა წიქარიშვილმა სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებსა და მისი მოგვარების გზებზე ისაუბრა.
წიქარიშვილის შეფასებით, სისტემაში მარტივი მდგომარეობა არაა. მან ხაზი გაუსვა კლანის არსებობას, რომელიც მისივე თქმით, მჭიდროდ თანამშრომლობს ხელისუფლებასთან და ასრულებს მის დავალებებს.
"ვფიქრობ, სასამართლო სისტემაში არ არის მარტივი მდგომარეობა. სასამართლო სისტემაში მოსახლეობამაც კარგად იცის, რომ იქ არის ერთი გაბატონებული ჯგუფი, რომელიც ქართულ ოცნებასთან მჭიდროდ თანამშრომლობს და ამ ჯგუფის ხელში არის თავმოყრილი თითქმის ყველა ბერკეტ, თუმცა იქ არიან მოსამართლეები, რომელთა ნაწილიც აშკარად ან ფარულად უპირისპირდება ამ ჯგუფს, თუმცა მეორე ნაწილი თანამშრომლობს ამ ჯგუფთან. მე ვფიქრობ, რომ სასამართლო სისტემაში არის რესურსი, რომელთან მუშაობაც შეიძლება და შეიძლება, მუშაობა ერთობლივად სისტემის გაჯანსაღებაზე"- თქვა წიქარიშვილმა.
მისივე თქმით, გამოსავალი სისტემის სრულ გაჯანსაღებაშია. მათ შორის წიქარიშვილის აზრით, მნიშვნელოვანია, რომ პრობლემის მოგვარება დაიწყოს მოსამართლეების მხრიდან პრობლემის არსებობის აღიარებით.
წიქარიშვილი ასევე გამოსავალს ხედავს სისტემის სრულ რეორგანიზაციაში.
"რაც შეეხება გამოსვლის გზებს: გამოსავალი არის სასამართლო სისტემის სრული რეორგანიზაცია, მოსამართლეების თავიდან შერჩევა, მაგრამ ვფიქრობ, ეს გამოსავალი შეიძლება დადგეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მოხდება სისტემის სიღრმისეული შეფასება.
ვფიქრობ, რომ ასევე, არსებობს სხვა გამოსავალი. კერძოდ: თუ სასამართლო სისტემა, მოსამართლეთა უმრავლესობა აღიარებს პრობლემებს, რომებიც იქ არის და პრობლემა ძალიან ბევრია, შეიძლება მოქმედი სასამართლოსგან შედგეს ნამდვილად დამოუკიდებელი ინსტიტუტი. ეს უნდა დაიწყოს პრობლემის აღიარებით.
ვფიქრობ, მოსამართლეებმა, რომლებმაც იციან ყველაფერი და ინახავენ ყველა ინფორმაციას, ეს რაღაც ფორმით უნდა თქვან. არ არის ისე, რომ მთელი სასამართლო სისტემა ცალსახად იყოს კლანის მორჩილი. ვფიქრობ, შეიძლება, მოსამართლეებთან მოიძებნოს საერთო ენა. თუმცა ეს უნდა მოხდეს ისე, რომ მოსამართლეთა კორპუსმა აღიროს იქ არსებული პრობლემები და საზოგადოებასთან გაიხსნას ღია დიალოგის გზა"- თქვა მან.
15 ივლისს, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად, კახა წიქარიშვილი დანიშნა.
საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნულ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრს უფლებამოსილების ვადა 2024 წლის 22 ივლისს ეწურება. სწორედ ამიტომ ახალი კანდიდატის შერჩევა გახდა საჭირო. ამ მიზნით პრეზიდენტის გადაწყვეტილებით შეიქმნა სპეციალური შესარჩევი კომისია, რომელმაც კანდიდატებთან გასაუბრებები გამართა. კონკურსში მონაწილეობდნენ: მანუჩარ კაკოჩაშვილი, გიორგი ბურჯანაძე, თამარ ალფაიძე, დიმიტრი გაბუნია და კახა წიქარიშვილი. გასაუბრებების შემდეგ, კომისიამ განცხადებით მიმართა პრეზიდენტს რეკომენდაცია გაუწია გიორგი ბურჯანაძესა და კახა წიქარიშვილს.